პროექტის პრეზენტაცია სოფელ ბებნისში

 

20 ოქტომბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

პროექტს წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი ახორციელებს, პროექტში ჩართულნი არიან ამავე ცენტრის შშმ აღსაზრდელები და სოფელ ბებნისის მცხოვრები, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები.
პროექტის ფარგლებში წმინდა თეოდორე ტირონის სარეაბილიტაციო ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა ტრადიციული ხელობების შემსწავლელი საწარმო, სადაც 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბენეფიციართათვის მინანქრის, გობელენის, თექის და ხის დამუშავების ტექნოლოგიების სწავლება.

დაფინანსების ფარგლებში სახელოსნო აღიჭურვა იარაღ-დანადგარებითა და სხვა საჭირო მასალით (მინანქრის ღუმელი, გობელენის საქსოვი დაზგა, ხის გასაშალაშინებელი დაზგა და ხის საჭრელი წვრილი იარაღები).

ახალგაზრდები გადანაწილდნენ სხვადასხვა მიმართულებით სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით.
კურსის ბოლოს შედგა ახალგაზრდების მიერ შექმნილი პროდუქციის გამოფენა -გაყიდვა. სამომავლოდ კი, საწარმოს ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები გაიყიდება სარეაბილიტაციო ცენტრის მცირე მაღაზიაში.