„ლიტერატურული კონკურსი ალერდი 2016"-ის დაჯილდოვება

31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ა.(ა)ი.პ. „საინფორმაციო ბანკი - საქართველოს ახალგაზრდობის" მიერ გამოცხადებული პროექტის „ლიტერატურული კონკურსი ალერდი 2016" გამარჯვებულების გამოვლენა და საზეიმო დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებაზე წარადგინეს პროექტის ვებ-გვერდის youthgeorgia.ge პრეზენტაცია.

I , II და III ადგილზე გასულ გამარჯვებულებს გადაეცათ სოლიდური პრიზები. გაიცა სხვადასხვა წამახალისებელი ჯილდო.

სოციალური ქსელის მეშვეობით გამოვლინდა ხალხის რჩეული მოთხრობა და ასევე ჟიურის რჩეული 5 მოთხრობა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რევაზ ჯაველიძემ გამოავლინა სტატიებისა და ფოტოკონკურსში პირველ ადგილზე გასული მონაწილეები.

გამარჯვებულები დააჯილდოეს სპორტისა და ახალგზარდობის სამინისტროსა და სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის, ა.(ა).ი.პ. „საინფორმაციო ბანკი - საქართველოს ახალგაზრდობის" წარმომადგენლებმა.

კონკურსის გამარჯვებულია გორის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეოთხე კურსის იუნკერი, შიო ყანდორაშილი.

პროექტის მიზანია შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების აღმოჩენა, საზოგადოებისათვის გაცნობა და მათი შესაძლებლობების რეალიზება.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლისა და ახალგაზრდობის თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.