ისტორია, მისია, ხედვა და ღირებულებები

მისია

ფონდი არის საჯარო უწყება, რომელიც მხარს უჭერს ბავშვთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების ინოვაციურ იდეებს, რათა წვლილი შეიტანოს სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებასა და მუდმივ გაუმჯობესებაში.

ხედვა

ფონდი პრიორიტეტია ისეთი გარემოს შემქნა, სადაც საქართველოს ყველა ბავშვს და ახალგაზრდას შეეძლება საკუთარი პოტენციალის რეალიზება და სრულად იქნება ინტეგრირებული საზოგადოებაში.

ღირებულებები

ვაცნობიერებთ რა ჩვენს როლს ახალგაზრდობის სექტორში, ჩვენს საქმიანობაში ვეყრდნობით ისეთ ღირებულებებს როგორიცაა მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება,  ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, პატიოსნება, სოლიდარობა, თანასწორობა, თანამშრომლობა და ჩართულობა.

ისტორია

სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი” 2000 წელს შეიქმნა. ფონდის მიზანი ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მხარდაჭერა, ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება, მათ მიერ დაგეგმილი პროექტების დაფინანსება, ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელებაა.

ფონდის საქმიანობა სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს პარლამენტის მიერ 1999 წელს “ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ” მიღებული კანონის საფუძველზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბავშვებისა და ახალგაზრდების თვითრეალიზაცია და მათი უფლებების დაცვა – სახელმწიფოს პრიორიტეტად იქცა. აღნიშნული კანონი ხელს უწყობს ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების განვითარებას, მათი საქმიანობის წახალისებას და ფინანსურ მხარდაჭერას.

დაარსების დღიდან ფონდი საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის, ხოლო მოგვიანებით – 2010 წლამდე – კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო. 2010 წლის ზაფხულიდან, ფონდზე ადმინისტრაციულ კონტროლს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.

ფონდი უზრუნველყოფს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროექტების დაფინანსებას.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის სამოქმედო სტრატეგია ფონდის მიზნებიდან და საქმიანობიდან გამომდინარეობს.

დღეისათვის საქართველოს სოციალურ – ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, ბევრი ბავშვი და ახალგაზრდა საჭიროებს როგორც ფინანსურ, ასევე ფიზიკურ და მორალურ მხარდაჭერას. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ფონდის ფუნქციონირება, რაც გულისხმობს არამარტო პროექტების დაფინანსებას, არამედ იდეების გენერირებას და საკუთარი ინიციატივების ხელშეწყობას. ფონდს შემდეგი სამოქმედო გეგმა აქვს დასახული:

  • პროგრამული პრიორიტეტების შესაბამისად აფინანსებს სხვადასხვა ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციას;
  • ამავდროულად, თავადაც უწევს ორგანიზებას კულტურულ-საგანმანათლებლო, საერთაშორისო, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, ადამიანის უფლებების დაცვის, გარემოს დაცვის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს და პროექტებს;
  • თანამშრომლობს სხვადასხვა ფონდთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან, დამატებითი სახსრების მოძიების მიზნით;
  • სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად ზრუნავს ქვეყანაში სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დამკვიდრების საკითხზე;
  • მონაწილეობს ახალგაზრდობის სფეროში საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაში.