სათათბირო

ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდში ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოტანილი პროექტების დაფინანსების საკითხს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბირო წყვეტს. სათათბირო ”ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეიქმნა.

სათათბიროს ძირითადი მიზნები და ამოცანები:

  • ყოველწლიურად პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრა, რომელთა შესაბამისადაც მოხდება ფონდის საგრანტო კონკურსებზე საპროექტო წინადადებების წარმოდგენა;
  • არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროექტების დაფინანსების საკითხის კონკურსის წესით გადაწყვეტა;

სათათბირო ცხრა წევრისაგან შედგება და დაკომპლექტებულია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან.

სათათბიროს ხელმძღვანელობს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი. ყოველწლიურად სათათბიროს წევრად მინისტრი შეარჩევს სამინისტროს კიდევ 2 წარმომადგენელს.~

სათათბიროში ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი წარმოდგენილია სამი წევრით.

ასევე, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი საქართველოში მოქმედი ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებიდან წარადგენს კიდევ  3 წევრს, რომელსაც სათათბიროს ხელმძღვანელი – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ნიშნავს.

წევრთა უფლებამოსილება ერთი წლით განისაზღვრება.
გადაწყვეტილება სათათბიროში ერთობლივი განხილვის გზით, ღია კენჭისყრით, დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით მიიღება და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბრძანებით ფორმდება.

სათათბირო სხდომები წელიწადში რამდენჯერმე იმართება. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სათათბიროს წევრთა უბრალო უმრავლესობა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს და წევრთა არანაკლებ 1/3, საჭიროების შემთხვევაში, უფლება აქვთ მოიწვიონ სათათბიროს რიგგარეშე სხდომა.

სათათბიროს შეხვედრების ორგანიზება, დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა და ყველა სხვა საჭირო საორგანიზაციო თუ იურიდიული საკითხის მოგვარება ევალება სათათბიროს სამდივნოს.

სათათბიროს წევრს უფლება აქვს:

  • შეიტანონ წინადადებები და რეკომენდაციები სათათბიროს მიერ განსახილველი ნებისმიერი საკითხების შემუშავებაში;
  • მონაწილეობა მიიღონ სათათბიროში წარმოდგენილი წინადადებების განხილვაში;
  • მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში;

სათათბიროს წევრი ვალდებულია:

  • მონაწილეობა მიიღოს სათათბიროს საქმიანობაში, დაესწროს სხდომებს;
  • დაიცვას ფონდის დებულება;

 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის წარმომადგენელიც არის  სათათბიროს წევრი, არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საგრანტო კონკურსებში;