ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და სამოსის ფესტივალი

11 ოქტომბერს, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია “შავფაროსნების” ორგანიზებით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, თბილისში „ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და სამოსის ფესტივალი“ გაიმართა.

ფესტივალის ფარგლებში რუსთაველის გამზირზე მასშტაბური მსვლელობა მოეწყო, სადაც \"შავფაროსნებთან\" ერთად, მონაწილეობა ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა დაინტერესებულმა პირებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს.

მსვლელობის შემდეგ ღონისძიებები რიყის პარკში გაგრძელდა, სადაც ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელ წარმოდგენებთან  ერთად,  ჩატარდა შეჯიბრი მშვილდოსნობაში, ძალის გამოცდაში, გაიმართა სხვადასხვა ტრადიციული თამაშობები, მოეწყო ბაზიერების შოუ.

ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა გამოფენა - ქართველ მეფეთა ხელნაწერები; ასევე წარმოდგენილი იყო  ფოტოგამოფენა -  „ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრები“ (ავტორი: ბუბა კუდავა); დუშეთის კულტურის  სამსახურის გამოფენა  – „ფშავ-ხევსურეთის საბრძოლო ისტორია და სამოსი“,

ქართველმა მჭედლებმა კი ევროპის მოედანზე მაყურებლის თვალწინ გრდემლზე გამოჭედეს იარაღ და მათ მიერ დამზადებულ ქართულ იარაღიც გამოფინეს.

ფესტივალის დასასრულს გაიმართა დასკვნითი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღე ფოლკლორულმა ანსამბლებმა,  „შავფაროსნებმა“  და ანსამბლმა „ჩვენებურები“  ღონისძიება მოძრაობის თეატრმა ცეცხლოვანი შოუთი დაასრულა.

ფესტივალი, ფონდის მხარდაჭერით უკვე მეორედ გაიმართა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციას და ფესტივალის ყოველწლიურ ტრადიციად ქცევას.